saqarTvelos myinvarebi - gergetis myinvari

ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ქედი მყინვარწვერის მასივი
კოორდინატები 42°41`40` ჩ. გ. 44°32`29` ა. გ.
სიგრძე 8,92 კმ
ფართობი 6,00 კმ²
ტიპი ხეობური
მდგომარეობა პულსაციური

 

სინონიმი: ორწვერი.

ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მწვერვალ მყინვარწვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ჩხერის (თერგის მარცხენა შენაკადი) სათავეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 7.80 კმ, ფართობი 6.85 კმ², მაღალი თოვლიანი ქედებით გარშემორტყმული ფირნის აუზი მდებარეობს დაახლოებით 3900 მ-ზე. ენის ბოლო ეშვება ზღვის დონიდან 2950 მ სიმაღლეზე. მყინვარებს გერგეტსა და დევდორაკს გააჩნიათ საერთო ყინულგამყოფი, ამიტომ იმ მყინვარების ფართობი, რომლებიც იწყებიან ყაზბეგ-მაილის მყინვარულ პლატოზე, განისაზღვრება მიახლოებით. მდინარე თერგის ხეობაში მყინვარწვერის წინ კარგად მოჩანს გვერდითი და ბოლო სტადიური მორენები.

მისი უმეტესი ნაწილი მოქცეულია ძველ დანგრეულ ვულკანურ კალდერაში, რომლის ჩრდილოეთ კიდეზე ამართულია მყინვარწვერის კონუსი, სამხრეთ კიდეზე - მწვერვალი ორწვერი. გერგეტი მასობრივი ტურიზმის ობიექტია. მასზე გადის მყინვარწვერზე ასასვლელი სამი მარშრუტი. მყინვარის მარცხენა მხარეს, 3650 მ სიმაღლეზე, ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოსადგურია.